English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ხსოვნა ნათელი

პროფესორი გიორგი პაპავა - 100

ცნობილ ქართველ მეცნიერს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი პაპავას მეცნიერული და შემოქმედებითი ცხოვრების სახელოვანი გზა აქვს განვლილი. გიორგი პაპავა დაიბადა 1923 წელს ქალაქ სამტრედიაში. მამამ - ვლადიმერ პაპავამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასევე ცნობილმა მეცნიერმა, დაუდო სათავე პაპავების ეკონომისტთა დიდ ოჯახურ დინასტიას.
სკოლის დამთავრებისთანავე გიორგი პაპავა მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ომის პერიოდში მან საკუთარ თავზე გამოსცადა ტყვეობისა და გესტაპოს ციხის ჯურღმულების სიმკაცრე. ომიდან დაბრუნების შემდეგ კი სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1951 წელს წარჩინებით დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი.
გიორგი პაპავა იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე. 1962 წლიდან მოღაწეობა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში იყო ჯერ თსუ უფროსი მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი და პროფესორი. 1974-1982 წლებში ბატონი გიორგი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტიდან არსებული სახალხო მეურნეობის, ეკონომიკისა და დაგეგმვის ს/კ ინსტიტუტის განყოფილების გამგედ, 1978-1982 წლებში საკავშირო შრომის ს/კ ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის განყოფილების გამგედ. 1982-1994 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამეცნიერო-საწარმოო სასწავლო გაერთიანების განყოფილების გამგედ, 1994-1996 წლებში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელად.
პროფესორი გიორგი პაპავა ყოველთვის უნარიანად ახამებდა სამეცნიერო-პრაქტიკულ და პედაგოგიურ მუშაობას. იგი 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის ავტორია. მისი მეცნიერული კვლევა-ძიება მოიცავს სამრეწველო საწარმოთა ეკონომიკის, ორგანიზაციის, მართვის თეორიისა და ეკონომიკური ანალიზის მეთოდოლოგიას. მან შექმნა ეკონომეტრიკის ახალი განყოფილების საფუძვლები, რომელიც დაუკავშირა საწარმოო სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებელთა მარკეტინგულ მართვას. მის მიერ პირველად იქნა გამოყენებული მეცნიერული შემეცნების სისტემური მეთოდოლოგია „პერიოდანტულ-გენეტიკური მიდგომის“ სახით. მანვე პირველმა შექმნა ეკონომიკურ მახასიათებელთა მულტიპლიკაციური მთლიანობითი სისტემა და ამით შეძლო მენეჯმენტის ორგანიზებულობის გაზომვა. გიორგი და ვლადიმერ (უმცროსი) პაპავების მონოგრაფიულ სახელმძღვანელოს - „სამრეწველო საწარმოს ორგანიზაცია, დაგეგმვა და მართვა“ - მინიჭებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროს პრემია.
პროფესორი გიორგი პაპავა იყო საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გიორგი პაპავა კვლევის საოცარი ალღოთი გამორჩეული პიროვნება გახლდათ. მეცნიერული კვლევა მისი სულის სამფლობელო და ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი იყო. ბატონ გიორგის ნიჭიერება, გამორჩეული აზროვნება მეცნიერისთვის დამახასიათებელ მუდმივ ქმედებასა და ახლის ძიებაში პოულობდა განსახიერებას.
დღესაც აქტუალურია ბატონ გიორგის ნაშრომებში გადმოცემული თეორიული თუ ემპირიული კვლევის შედეგები: ორიგინალური და ფილოსოფიური აზროვნების ნიმუშია მისი ფუნდამენტური ნაშრომი ,,შერეული საბაზრო ეკონომიკისა და პარალოგიზმების შემეცნების მეთოდოლოგია“. საინტერესო მეცნიერული ნაშრომია ,,საბაზრო ეკონომიკის გამოჯანსაღების და ნორმალიზაციისათვის საქართველოში“, რომელიც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საუკეთესო მაგალითია. დღესაც მრავალმხრივი და კომპლექსური ცოდნის მომცემია სახელმძღვანელოების ორტომეული ,,სამრწეველო ფირმის ორგანიზაცია და მართვა“ და სხვა.
ბატონ გიორგის სტუდენტებთან ყოველთვის გამორჩეულად თბილი და ახლობლური დამოკიდებულება ჰქონდა. ის გახლდათ დიდი მეცნიერი, სულიერად ამაღლებული და პიროვნულად თავისუფალი ადამიანი. დიდბუნოვნება, უჩვეულო კაცთმოყვარეობა, შრომის განსაკუთრებული უნარი, მიმტევებელობა - ყველა ამ თვისების მატარებელი იყო ჭეშმარიტი მოძღვარი, პროფესორი გიორგი პაპავა. სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდასა და ეკონომიკურ მეცნიერების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.
ადამიანები მოკვდავები არიან, თუმცა, შესაძლებელია სიკვდილის შემდეგაც სიცოცხლის გაანგრძლივება. ასეთი ბედი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ჭეშმარიტად რჩეული იყო ბატონი გიორგი, რადგან მან დატოვა ღირებული ნაშრომები, მრავალ ახალგაზრდას შესძინა მეცნიერული და ცხოვრებისეული უნარები, ასწავლა უნივერსიტეტისა და სამშობლოს სიყვარული, დატოვა მისი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებლები. იგი კვლავ დიდხანს იქნება აღფრთოვანების მაგალითი მომავალი თაობებისთვის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,
ჟურნალ ,,ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგი